![]() |
|||
![]() |
უძველესი ურბნისისა და რუისის ეპარქიის სახელთანაა დაკავშირებული მრავალი წმინდანის მოღვაწეობა, რომელთა უშუალო შემწეობითა და მეოხებით ღვთის წინაშე, ეპარქიამ მრავალი დაბრკოლებებისა და მტრის შემოსევის მიუხედავად გაუძლო მძიმე ქარტეხილებს და დღეისათვის, აქ სწორედ მათ მიერ ჩათესილი კეთილი თესლი იმკის თავის შესაფერ ნაყოფს, მათ ნამოღვაწარზე ეკლესია-მონასტრების სიმრავლითა და ბერ-მონაზვნური ცხოვრების გაძლიერებით.
საოცარია პირველმოწამე რაჟდენის აღსასრული, რომელიც უსჯულოთა მიერ მსგავსად მაცხოვრისა, ჯვარზე იქნა გაკრული, ხუთ ავაზაკთან ერთად: ”ბრძანეს მოხმად ძელთა, რათა მით მოაკუდინონ სამ გზის სანატრელი იგი, რამეთუ თქუეს უსჯულოთა მათ, ვინაითგან ძელსა ზედა მოკლულისა მიმართ აქს სასოებაი, ჯერ არს, რათა ესეცა ძელითა აღესრულოს; აღმართეს ძელი იგი და ამას ზედა დამსჭუალეს ტარიგი ქრისტესი. მერმე მოიყუანეს სხუანი ხუთნი ძვირის მოქმედნი ავაზაკნი, აღმართნეს ძელები და მისთანა გამოჰკიდნეს და შორის მათსა ნეტარი იგი, ვითარცა ჩუენი იესო, შორის ავაზაკთასა ჯუარცმული”. მოგვიანებით წმიდანის ნაწილები ვახტანგ მეფის მიერ გადასვენებულ იქნა ნიქოზის საეპისკოპოსო ტაძარში: ”გალობითა და ფსალმუნებითა, სანთელთა და ეკრონთა სიმრავლითა და საკმეველთა სულნელებითა და წარიღეს ნიქოზს საეპისკოპოზოსა მას ეკლესიასა, მისვე მეფისა ვახტანგის მიერ აღშენებულსა”. ჩვენამდე შემონახულია ბერმონაზონ ნიკოლოზ თბილელის მიერ, რაჟდენ პირველმოწამისადმი მიძღვნილი იამბიკო: ”მთიებ საჩინოდ, მნათობად შიდა ქართლის რაჟდენ დაუვსი ლამპარი წრომს მოღუაწე. გუერდ განლახრული, ქსისტესა ესერებს. თრევით მტუერსა განჰყრის, მახჳლს იმანიაკებს, სიზმართა ჰსცუალებს სუფევად საუკუნოდ”.
წმ. მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელი წარმოშობით სპარსელი მხედართმთავარი, სახელად ომარი, სულთან მაჰმედის ლაშქრობაში მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ და იგიც თანამემამულეების მსგავსად, დამბადებლის ნაცვლად დაბადებულს მსახურებდა. შიომღვიმის მონასტერში, სადაც ომარი სავანის ასაღებად მივიდა თავისი რაზმითურთ, ღვთის დიდი განგებით, მან ანგელოზთა კრებული იხილა სულიერი ხედვით შიომღვიმის სავანის თავზე, რომელთა შორის წმ. შიოც იყო: „იხილა სიმრავლეი უხორცოთა მხედართა ნათლისათა, საკუირველ მავალნი ჰაერთა ზედა და შორის მათსა კაცი მოხუცებული მონაზონი ფრიადითა ელუარებითა შესახედავისათა”. მონასტრის მკვიდრთა თავმდაბლობამ და მოკრძალებულმა ყოფაქცევამ, თითქოს „ანგელოზნი ჰბრწყინვიდეს ხორცთა შინა”, უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ომარზე, იგი მივიდა შიომღვიმის მონასტერში, წმიდა ნათელი მიიღო და ბერადაც აღიკვეცა ნეოფიტეს სახელით, რაც „ახალნერგს” ანუ „ახლად მოქცეულს” ნიშნავს. მასთან ერთად ნათელ-იღო მისმა ორმა მონამ, ერთ მათგანს შეერქვა - ქრისტედულოსი (ქრისტეს მონა) და მეორეს - ქრისტეფოროსი (ქრისტეშემოსილი). ამ დროიდან მოყოლებული წმ. ნეოფიტემ თავგამოდებით დაიწყო მოსაგრე ცხოვრება და ღვთის მადლიც მოიპოვა, იგი სავანის წინამძღვარიც გახდა და დიდება მისი ანგელოზებრივი ცხოვრებისა მთელს საქართველოს მოედო. ქართლის კათალიკოზმა სამოელ IV-მ (581-591 წწ) თავისთან მოუწოდა მას და ქ. ურბნისის საეპისკოპოსო კათედრაზე დაადგინა მღვდელმთავრად, რომელიც ყველას განაკვირვებდა თავისი სიბრძნითა და შემართებით, ის თავისი სამწყსოს ნამდვილი მამა გახლდათ: „მოუძლურებული მათი განაძლიერა, სნეული განამრთელა, შემუსრვილი შეჰკრა და ბოროტად მყოფსა უსხეულსაქმა, ცთომილი მოაქცია და წარწყმედული მოიძია, დაადგრა მათ თანა, დაიცუნა და არა განაბნივნა“. წარმართებმა და ცეცხლთაყვანისმცემლებმა (მაზდეანებმა), რომელთა ცრუ მოძღვრებასაც გულმოდგინედ აღმოფხვრიდა წმ. ნეოფიტე, მისი დაღუპვა განიზრახეს. ისინი საეპისკოპოსო სამყოფელში ლოცვის დროს შეეჭრნენ წმიდანს, შეიპყრეს და მტანჯველი სიკვდილით მოაკვდინეს - ქვებით ჩაქოლეს, მსგავსად იმისა, როგორადაც ოდეცღაც წმ. პირველმოწამე სტეფანე აღესრულა. წმ. ნეოფიტე ურბნელი სწორედ, რომ წმ. სტეფანეს მსგავს აღსასრულს შესთხოვდა უფალს. წმიდანის უკანასკნელი სიტყვები გახლდათ: „უფალო იესო ქრისტე შეივედრე სული ჩემი”. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გაწეული ამაგის და ღვთისთვის თავისშეწირვის გამო ურბნელი ეპისკოპოსი ნეოფიტე წმიდანათ იქნა შერაცხული და ეკლესია მის ხსენებას 10 ნოემბერს (ძვ. სტ. 28 ოქტომბერს) დღესასწაულობს. ეს დღე განდაკუთრებული სიხარულით აღინიშნება სწორედ ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, სადაც იმოღვაწა და სადაც მოწამეობრივი გვირგვინი დაიდგა თავზე წმ. მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელმა.
საბინინისეულ რედაქციაში საუბარია იმის შესახებ, თუ როგორ წარმოგზავნა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მარიამმა იოანე ზედაზნელი მოწაფეებთან ერთად საქართველოში, მეტად საპასუხისმგებლო მისიით. როდესაც წმ. იოანე ზედაზენის მთას დაემკვიდრა, ერმა მთისკენ იწყო სვლა და მალე ასურელმა მამამ, იქ სადაც დღეს საგურამოა, მონასტერი ააშენა და ჩააბარა თადეოზს. წმ იოანე ზედაზნელის გარდაცვალების შემდეგ თადეოზმა მონასტერი დაუტოვა წმ. ილია დიაკონს და ”თვით აღიღო წმიდა ჯუარი და სახარება და მოვლო ქადაგებითა მთისა სანახები, სადაც აღაშენა მრავალნი ეკლესიანი, რომელთა შინა საჩინო მათთა შინა არს ეკლესია”. ე.ი. სწორედ თადეოზ სტეფანწმიდელს დაუარსებია ურბნისის საკათედრო ტაძარი. შემდგომ ამისა წმ. თადეოზმა მდ. რეხულის ზემოთ ”მთასა ზედა წლევისასა გამოქვაბა მცირე სენაკი”, სადაც იგი დარჩა სამოღვაწეოდ. ხალხი წლების მანძილზე მიდიოდა და მის ქადაგებას ისმენდა, სულ მალე გაჩნდა უამრავი სენაკი, რადგან ნათქვამია, რომ ”წმ. თადეოზი მრავალს შეიწყნარებდა მამობრივი სიყვარულით”. მთის თხემზე გამრავლებულმა ბერთა საძმომ აღაშენა წმ. სტეფანეს სახელობის მონასტერი, ხოლო წმ თადეოზ სტეფანწმიდელმა ”არა დაუტევა ქვაბი თვსი შემდეგ აღშენებისა მონატრისასა, არამედ იმყოფეფოდა მას შინა აღსასრულადმდე თჳსსა”, ხოლო ამქვეყნიდან გასვლის შემდეგ წინამძღვრის გვამი იქვე დაუკრძალავთ. წმ. თადეოზი კი თავის მოწაფეებს, მონასტრის საძმოს, გარდაცვალების შემდეგაც არ ტოვებდა უნუგეშოდ: ”მრავალნი სასწაულნი იქნებოდა საფლავისაგან, წლითაი წლად წმიდა ძვალნი მისნი აღმოვიდოდნენ ეკლესიასა შინა, ვითარ წმიდა შიოსნი”. ამავე რედაქციაში გარკვევითაა აღნიშნული კიდევ ერთი ასურელი მამის, წმ. პიროს ბრეთელის შესახებაც, რომ მან, ”შემდეგ ქადაგებისა, დაჰყო ზემო ქართლს, დვანის წყალსა ზედა და აღაშენა მუნ მონასტერი თვსი, მოახლო ბრეთისა სოფლისა, რომელსა შინა დაიდვა მრავალმოღუაწე გუამი მისი” წმ. პიროს ბრეთელის შეწევნითა და ეპარქიის მმართველის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით სოფ. ბრეთში მრავალი წლის უმოქმედობის შემდეგ, პიროზ ბრეთელის საფლავზე აგებული ტაძარი კვლავ განახლდა და მასში წირვა-ლოცვის მადლმა დაივანა. რუის-ურბნისის ეპარქიას უკავშირდება სახელი მიქაელ ულუმბოელისა, რომლის ხსენებითაც მთავრდება წმიდათა ცხოვრების საბინინისეული რედაქცია. წმ. მიქაელ ულუმბოელს ავტორი უწოდებს ”დაუძინებელ მუშაკს და დიდებულ მოღვაწეს ქრისტეს ყანისას”, რომელსაც აუგია მონასტერი ულუმბოს სიახლოვეს: ”შემდეგ განტევებისა, წარვლო მთა ზემო ქართლისა და ოსეთისა - აღაშენა მონასტერი თვსი მოახლო ულუმბისა ალის წყალსა ზედა, რომელსა შინა დაიდვა მრავალმოღუაწე გუამი მისი”. მეტად სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ სწორედ იქ, დასცა წმ. მამა მიქაელ ულუმბოელი მოსაგრეობდა, უკვე მრავალი წელია მამათა მონასტერი არსებობს და მოღვაწე ბერები ცდილობენ არ ჩააქრონ ის ღვთიური ცეცხლი მონასტერში, რომელიც ჯერ კიდევ VI საუკუნეში წმიდა მიქაელ ულუმბოელს აღუნთია. სწორედ მიქაელ ულუმბოელს ეძღვნება, ბერმონაზონ ნიკოლოზ თბილელის (რომელმაც 1715 წელს მროველობა მიიღო, ხოლო 1717 წელს მას შეუერთდა ურბნელობაც) იამბიკო: ”გნატრი ულუმბას, დიდ ძალსა მეუნჯესა, ქვათა სპეკალთა, ოქროთა უძვირესსა, ქართველ მფარველად, მუნ მყოფსა აწ რომელმან, ნიშთ მრავალ მექმნანი, აღისუფევა ზეციდ”. წმიდა ასურელ მამათა დაარსებულ ლავრებსა და სავანეებში იწვრთნებოდნენ ქართველთა შვილები გონებითა და ზნეობით, ამ უდაბნოებიდან ეფინებოდა ქართველობას მადლი და კურთხევა. ეს სავანეები და მათი დამაარსებელი წმ. მამები შეიქმნენ ქართველთა მფარველნი და მათი დამცველნი უსჯულოებისა და ბიწიერებისაგან. მათითა მეოხებითა ღმერთმან გაამშუენოს და გააძლიეროს ერი ქართველთა. ამინ! |
![]() |
|
| ურბნისისა და რუისის ეპარქია |
| info@urbnis-ruisi.ge |