არ გეცრუვებით შენ, ჩვენი სიწმიდით მშობელო წმიდაო კათოლიკე ეკლესიაო! არც გაგცემთ შენ ჩვენო სიამაყევ - მართლმადიდებლობავ!

 

დავით აღმაშენებელი კრებას ესწრებოდა არა როგორ მეფე, არამდედ როგორც ერთი რიგითი ქრისტიანი. მიუხედავად იმისა, რომ კრება დავითმა მოიწვია, "ძეგლისწერა" მას მონაწილე საპატიო პირთა რიცხვში მოიხსენიებს და არა საქმიან პრეზიდიუმში. აქ მჟღავნდება მეფის უდიდესი თავმდაბლობა, იგი თანაბას სიმაღლეზე აყენებდა საერო და სასულიორო საქმეებს, მაგრამ მოქმედებდა  მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, რამაც განაპირობა დავითის სახელმწიფოს სიძლიერე.

კრება საკმაოდ დაძაბულად წარმართულა, ვინაიდან დაკავებულ თანამდებობებს უღისი მღვდელმთავრები იოლად არ დათმობდნენ: "დაღაცათუ ძნელღა იყო ესე, რამეთუ იყვნეს კაცნი მთავართა და წარჩინებულთა შვილნი".

დაწვრილებითი ცნობები კრების დაწყების, მიმდინარეობის და ხამგრძლივობის შესახებ არ მოგვეპოვება, მაგრამ განსახილველ საკითხთა მნიშუნელობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას დიდი დრო უნდა დასჭირვებოდა. ამას მოწმობს დავითის მემატიანე: "...დღეთა მრავალთა ფრიადთა გამოწულილვითა კეთილად გამოიძიეს და ყოველი ცთომა განმარტეს, კეთილი და სათნო ღმთისა წესი ყოველი დაამტკიცეს".

რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება - "ძეგლისწერა", რომელიც 16 მუხლად იქნა დაყოფილი. "ძეგლისწერის ტექსტი გააკრეს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ქვის სვეტზე, რუისის საკათედრო ტაძარში და ჩაურთეს ქართულად ნათარგმნ დიდ სჯულის კანონს, რათა ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო კრების განჩინება, რომლითაც დადგინდა შემდეგი:

I – უღირს ეპისკოპოსთა განკვეთა და მათ ნაცვლად ისეთ ახალ მწყემსთა გამორჩევა, რომელთაც ”კეთილად განეწვართნეს ხორცნი დამორჩილებად სულისად”.

II – განისაზღვრა ეპისკოპოსად, მღვდლად, დიაკონად და წიგნისმკითხველად კურთხევის ასაკი. ამასთან, აიკრძალა ერთსა და იმავე დღეს ერთი ადამიანის ხელდასხმა წიგნისმკიტხველად, იპოდიაკონად, დიაკონად, მღვდლად და ეპისკოპოსად ასევე დადგინდა, რომ თითოეულ ხარისხში სასულიერო პირს ერთი წელი მაინც უნდა ემსახურა, ხოლო მონოზვნები მღვდლად კურთხევამდე აუცილებლად დიდ სქემაში უნდა აღკვეცილიყვნენ”.

III – ხელდასხმის, ეკლესიის, საკურთხევლის და მირონის კურთხევისას სავალდებულო გახდა გიორგი მთაწმიდელის ”ახალი კურთხევანის” გამოყენება.

IV – ამ მუხლით დადგინდა, რომ ”შეიჩვენოს, ვითარცა სვიმონ მოგვი პეტრე მოციქულისაგან” ხელდასხმის საფასურად ქრთამის ამღებელნი.

V – აიკრძალა ყოველგვარი საეკლესიო ნივთის თუნდაც ყველაზე ჰუმანური, მაგრამ სხვა (არაეკლესიური) მიზნით გამოყენება.

VI – დადგინდა, რომ ნათლობა, ჯვრისწერა, მონოზვნად კურთხევა უნდა შესრულდეს მხოლოდ ეკლესიაში. ამასთან, აიკრძალა მღვდელმონოზნის მიერ ჯვრისწერის ჩატარება და სამრევლო მღვდლის მიერ მონოზვნის კურთხევა. იქვე აღინიშნა, რომ ახალ ჯვარდაწერილნი იმავე დღეს უნდა ზიარებოდნენ ქრისტეს წმ. სისხლითა და ხორცით, რა თქმა უნდა უზიარებლობით დაუსჯელობის შემთხვევაში.

ამავე დადგენილებაში მითითებულია, რომ ხუცესმა არ უნდა გამოხატოს პატივისცემა მეორედ ჯვარდაწერილთა მიმართ. ამასთან დაისჯებოდა მეორე ჯვრისწერის, პირველი ჯვრისწერის მზგავსი რიტუალით შემსრულებელი.

VII – ამ მუხლით აიკრძალა ”ჩჳილთა ქალ-ყრმათა” ჯვრისწერა 12 წლამდე, თუმცა მშობლებს მათი დანიშვნის ნება დაერთოთ.

VIII – დადგინდა, რომ ქორეპისკოპოსი ქათოლიკოსისა და ეპისკოპოსთა მიერ უნდა შეირჩეს (შესაძლოა ეს იყოს მღველი ან დიაკონი) და უნდა იყოს ”სჯულისა და საღმრთო წიგნთა მეცნიერი”

IX – ამ მუხლით განისაზღვრა მონასტერში მოძღვრების ოდენობა რაც 1-2 მოძღვრით შენოიფარგლა.

X – აიკრძალა მონასტერში ერის კაცთა შეკრება, ვაჭრობა, სამოქალაქო და ქვეყნიური საქმეების გადაწყვეტა.

XI – აიკრძალა ერთ საკურთხეველზე ერთდროულად ”მრავალთა სულთათვის მრავალთა მღდელთა მიერ ქმნაი წმიდისა ჟამის წირვისაჲ”. აგრეთვე აიკრძალა საგანგებო ჟამისწირვის ჩატარება ერთი ადამიანისათვის დიდ საეპისკოპოსო ან სამონასტრო საკურთხეველზე გარდა ”აღაპთა და სულის სახსენებლად” დაწესებულ დღეებში. დადგინდა, რომ ერთი პირისთვის ჟამისწირვა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ეკლესიის სტოაში ეგვტერში.

XII – ამ მუხლით დადგინდა ყოფილი მონოფიზიტების სრული წესით ნათლობა.

XIII –  აიკრძალა მართლმადიდებლის მწვალებელთან ან წარმართთან დაქორწილება.

XIV – აიკრძალა იმ დროს გავრცელებული ჯვრისწერის ისეთი სახე, როცა სხვადასხვა ადგილას შეუღლებულ ქალ-ვაჟს ორი მღვდელი წერდა ჯვარს.

XVI – ეს მუხლი გმობს ხატმბრძოლობას, რადგან ხატის თაყვანისმცემელი ღმერთს სცემს თაყვანს, ხოლო ”მაგინებელიცა სადმე ხატისა ღმრთისაჲ ღმერთსა აგინებს უეჭველად”, ამიტომ ეს ცოდვა სრულიად უნდა მოისპოს ”ყოვლისაგან ენისა და ნთესავისა ჩუენისა”.

რუის-ურბნისის კრების აღნიშნულ გადაწყვეტილებათა დიდმნიშვნელობას თვით დავით აღმაშენებლის სიტყვები ცხადყოფს, რომლითაც წმ. მეფემ ”ძეგლისწერას” ”ძეგლი შუენიერი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა” უწოდა და რადგან ამ წმ. კანონთა დაცვით ჩვენს დიდ წინაპართა იმ გზას გავყვებით, რომელმაც საქართველო სულიერ და მატერიალურ აღორძინებამდე მიიყვანა, ჭეშმარიტად სასიხარულოა, რომ რუის-ურბნისის კრების 900 წლისთავის ისტორიული თარიღის აღნიშვნით შესაძლებლობა მოგვეცა კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა ამ წმიდა კრების დადგენილებები და მათი აღსრულების აუცილებლობაზე დავფიქრებულიყავით.

რუის-ურბნისის კრებამ მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდელის თანამდებობა გააეთიანა და კრების ”თვლად წმიდისად” წოდებულ გიორგის დაუქვემდებარა. გიორგი ჭყონდიდელი აღმოჩნდა ის პირველი სასულიერო მოღვაწე, რომელმაც ჰარმონიულად შეითავსა საერო ხელისუფალის ტვირთი. მეფემ ის უწარჩინებულეს მღვდელმთავრად განაჩინა, რაც ცხადყოფს თუ როგორ აფასებდა მეფე წმიდანი ერთგულ სასულიერო პირებს და საერთოდ, წმ. კეთილმსახური დავითის ცხოვრება, მისი მოწყალებით, ღვთის მოშიშობითა და პატივისცემით სავსე დამოკიდებულება ეკლესია-მონასტრებისადმი მეფის დიდ სარწმუნოებასა და ღვთის სიყვარულზე მიუთითებს. კეთილგონიერი გიორგი მონოზონის მიერ ”ღმრთისმეტყველ წიგნებზე” აღზრდილ დავითს ცხოველი სარწმუნოება გააჩნდა და უფლის წყალობაც არ აყოვნებდა მასზე, მემატიანეს თქმით ხელი უფლისა ”შეეწეოდა მას და მკლავმან მისმან განაძლიერა იგი”. ამიტომაც იყო მეფისთვის დიდი ტკივილი ურჯულო დამპყრობელთაგან დაკნინებული ქართული ეროვნული სული, ამ ტკივილს კი მალამოდ მის მიერვე მოწვეული საეკლესიო კრება დაედო, რაც კარგად ჩანს ”ძეგლისწერას” დართულ, დავით მეფისადმი მიძღვნილ საქებელ ეპისტოლეში, სადაც კრება ასე მიმართავს წმიდანს: ”სათნო უჩანან ესენი მყუდროებასა შენსა: განსვენებულ არსა ამათ ზედა სიბოროტისა სულთა მდევნელი დავითიანი სული შენი”.

აღნიშნული საქებელი ეპისტოლე ”ძეგლისწერაში” იმავე ფუნქციას ასრულებს, როგორსაც მსოფლიო საეკლესიო კრებათა მიერ ბიზანტიის იმპერატორებისადმი მიწერილი ეპისტოლეები. საყურადღებოა ისიც, რომ ”ძეგლისწერის” ავტორი დავით აღმაშენებელს იმპერატორ კონსტანტინე დიდს ადარებს: ”დასაბამ უცდომელისა ქრისტიანობისა, ვითარცა დიდი კონსტანტინე თვითმპყრობელთა შორის”.

რუის-ურბნისის საეკლესიო კრება ბევრი სხვა თვალსაზრისითაც ემსგავსება მსოფლიო საეკლესიო კრებებს; როგორც ამ უკანასკნელთ, მასაც უნდა ჰყოლოდა სპეციალური პირები, რომლების კრების მსვლელობას აღნუსხავდნენ. რა თქმა უნდა მათი ჩანაწერი გაცილებით მეტი იქნებოდა, ვიდრე საბოლოოდ შემუშავებული ”ძეგლისწერის” ტექსტია, რომლის ავტორიც არსენ ბერი- იგივე არსენ იყალთოელია. მსოფლიო საეკლესიო კრებების კანონმდებლობას ბოლოს ახლავს დამსწრე პირთა ხელრთვეები ტიტულატურის ჩვენებით, რომელთა დანიშნულება დოკუმენტის დამტკიცებაა. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ”ძეგლისწერას”, მართალია, ასეთი ხელრთვეები არ აქვს, მაგრამ ბოლოს დართული სინოდიკონი ამ ხელისმოწერათა მაგივრობას უნდა ასრულებდეს, ამასთან, იგი ორიგინალობით გამოირჩევა: მასში მიძღვნილია მრავალჟამიერი  კრებაზე დამსწრე საპარიო პირებისადმი, რომლებშიც შედიან მეფის ოჯახის წარმომადგენლები - გიორგი II; გიორგი II-ის და, მართა, ბიზანტიის დედოფალი; დავით აღმაშენებელი; საუკუნო ხსენებაა თქმული ბაგრატ IV-ის დედის, მარიამ მონაზონისადმი;

”ძეგლისწერა” მრავალჟამიერს უსურვებს აგრეთვე კრების საქმიან პრეზიდიუმს, რომელთა შორის არიან კათალიკოსი იოანე, გიორგი მწიგნობართუხუცესი, ევსტრატი მონაზონი, არსენ კალიპოსელი.

დასასრულს საუკუნო ხსენება აქვს შეთვლილი ქართული ეკლესიის თვალსაჩინო გარდაცვლილ მოღვაწეებს: ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელებს, დავით ტბელს, სტეფანე სინანოის ძეს, საბა სულას ძეს, ანტონ ტბელს, ეფრემ მცირეს, ექვთიმე გრძელს, იოანე რეხუეს ძეს შვილითურთ, მიქეილ ჭუაისას და გიორგი ბერს.

დავით აღმაშენებელმა რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ჩატარებით თითქმის მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ იგი ჭეშმარიტად იყო ”მესიის მახვილი”, აღჭურვილი სათნოცო დნით. მან კარგად უწყოდა, რომ ეკლესიისთვის ისევე აუცილებელი იყო თანადგომა ერის მხრიდან, როგორც პირიქით - ერი საჭიროებდა ეკლესიის სულიერ მხარდაჭერას და მართლაც, ერისა და ბერის ურთიერთთანადგომა იყო ყოველთვის საქართველოს ძლიერების ქვაკუთხედი.

თავისი არსებობის საუკუნოვან გზაზე ქართველ ხალხს დიდი სახელმწიფოების გვერდით უხდებოდა ცხოვრება. ამ დიდი იმპერიების ურთიერთჭიდილსა და მცირე ერებისადმი მიმართულ დამპყრობლურ ბრძოლებს ბევრი დიდი და მცირე ერი შეეწირა და ”აღიგავა პირისაგან მიწისა”, შედარებით მცირერიცხოვანმა ქართველობამ კი დღემდე მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლობის უბიწოების დაცვით, რწმენისადმი თავგანწირვით, ღვთისა და ერის სიყვარულით მოაღწია.

”არ გეცრუვებით შენ, ჩჳენი სიწმიდით მშობელო წმიდაო კათოლიკე ეკლესიაო! არცა გაგცემთ შენ, ჩვენო სიამაყევ - მართლმადიდებლობავ”.

”ყოველნიმცა მართლმადიდებელნი კურთხეულ არიან, ყოველთა მართლმადიდებელთა წელნიმცა მრავალ არიან”.

ინებოს უფალმა, როგორც რუის-ურბნისის საეკლესიო კერება დაედო საფუძვლად ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას, გაძლიერებას XII საუკუნეში, ამ წმ. კრების 900 წლისთავის აღნიშვნა გახდეს დასაბამი ჩვენი ერის სულიერი ერთობისა და სრულიად საქართველოს გაერთიანებისა. ამინ!

<<უკან

ურბნისისა და რუისის ეპარქია
info@urbnis-ruisi.ge