არ გეცრუვებით შენ, ჩვენი სიწმიდით მშობელო წმიდაო კათოლიკე ეკლესიაო! არც გაგცემთ შენ ჩვენო სიამაყევ - მართლმადიდებლობავ!

          

ეპარქიის ისტორია

ურბნისისა და რუისის ეპარქია ქვეყნის შუაგულში, ამიერ და იმიერ საქართველოს საზღვარზე მდებარეობს. იგი ორი უძველესი სამღვდელმთავრო კათედრის, რუისისა და ურბნისის სამწყსო ტერიტორიას აერთიანებს, რომელთა ცალ-ცალკე მოხსენიება უკვე ვახტანგ გორგასლის შემდეგ დროინდელი პერიოდიდან იწყება. ეპარქიის ტერიტორიაზე ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისი ქართველთა განმანათლებელს წმიდა ნინოს უკავშირდება.

ძველი ქართული საისტორიო წყაროები (მოქცევაი ქართლისაი, წმიდა ნინოს ცხოვრება, ლეონტი მროველი, ვახუშტი ბატონიშვილი). ურბნისის ძვ.წ. აღ. IV საუკუნის ბოლოს უკვე არსებულ ქალაქად თვლიან, კერძოდ, IXსაუკუნის წყარო მოქცევაი ქართლისაი, რომელიც თავის მხრივ უძველეს, ჩვენამდე მოუღწეველ წყაროებს ეყრდნობა, ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში შემოსვლაზე თხრობის დროს იხსენებს ოთხ ქალაქს: ხარკინეს, კასპს, ურბნისსა და ოძრხეს. აქედან ორი, მემატიანეს ცნობით, ციხე-ქალაქია: ურბნისი და ოძრხე, ხოლო ორს - სარკინესსა და კასპს აქვს თავისი მფარავი ციხეები: ციხე - დიდი და უფლისციხე.

არქეოლოგიურმა გათხრებმა, რომელიც გაიშალა როგორც ურბნისის ტერიტორიაზე, ისე მის მიდამოებში ცხადყო, რომ ეს ადგილები დასახლეული ყოფილა ჯერ კიდევ 5000 წლის წინ - ენეოლითის ხანაში (ძვ.წ. III ათასწლეული), კერძოდ ენეოლითური ძეგლები აღმოჩენილი იქნა ზღუდის შიგნით, მტკვრის პირად მდებარე ბორცვზე. ე.წ. ხიზანაანთ გორაზე. ამავე პერიოდის ძეგლი გამოვლენილი იქნა ურბნისის აღმოსავლეთით ორიოდე კილომეტრზე - ქვაცხელებზე. ამ ხანიდან მოყოლებული ურბნისის ტერიტორია უწყვეტად დასახლებული ჩანს და მათი შიდა ცხოვრებაც ქალაქური ხასიათისა გახლდათ.

წმიდა ნინოს ცხოვრების ცნობით ურბნისში მრავალრიცხოვანი მოსახლეობა სახლობდა IV საუკუნეში, რის შესახებაც ვკითხულობთ: აღიძრნეს ერნი, ძლიერნი და ურიცხონი სიმრავლითა, მით ქალაქით. საყურადღებოა ამ მხრივ აგრეთვე XVI- XVII საუკუნის ფრანგი მოგზაურის შარდენის ცნობა, რომელმაც 1672 წელს ინახულა ურბნისი. შარდენი აღნიშნავს, რომ მის დროს ურბნისი დანგრეული იყო და 2000 კომლიდან, რაც შეადგენდა ოდესღაც მის მოსახლეობას, 500 კომლიღა დარჩენილა.

მონათმფლობელობისა და ადრეფეოდალური პერიოდის საქართველოს ქალაქები შედგებოდა უბნებისაგან, ასეთი უბნები ჰქონია მცხეთას, ასეთივე უბნები, როგორც ჩანს ჰქონია ასევე ურბნისსაც. ურბნისის ერთ ურბნად ლეონტი მროველი ასახელებს ებრაელთა უბანს, სადაც მისივე ცნობით, ცხოვრობდა წმიდა ნინო ერთი თვის განმავლობაში, ამ უბანში ებრაელებს თავიანთი ბაგინი, ანუ სამლოცველო ჰქონიათ (ბაგინი ჰურიათა) ურბნისში ყოფნიდან ერთი თვის შემდეგ წმ. ნინო სავაჭროდ მიმავალ ურბნელებს გაჰყოლია მცხეთაში. ამის შესახებ ქართლის ცხოვრებაში წერია:

რქუა მარიამ მაგდალინელსა იესო: წარვედ დედაკაცო და ახარე ძმათა ჩემთა, სადაცა ჰქადაგებდეთ სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისათა.

ხოლო წარმკითხველმან წმინდამან ნინო იუწყა ზეგარდამოსა ყოფად ესე და ითხოვა ღვთისაგან შეწევნა, მიჰყვა მდინარესა მას ურვეული გზისა სიფიცხისა მშიშარე მცხეთაგან და მივიდა ქალაქსა ურბნისს. მუნ იხილნა ერნი, რომელნი მსახურებდნენ ღვთად ქვათა ძელთა და ცეცხლთა, ამისთვის შეურვებული შევიდა უბანსა ურთიერთასა და ზრახვიდა მან ენითა ებრაულითა, სადა დაჰყო მან თთუე ერთი. შემდგომად აღიძრნენ ერნი ურბნისით ვაჭრობად ზორვად არმაზისა და ზადენისა, და წარვიდნენ მცხეთას, რომელთა წარყვა წმიდა ნინო და მისრულმან მცხეთას იხილნა საცთურნი და ცეცხლის მსახურება მათი.

ურბნისი, რომ V საუკუნეში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ცენტრია საქართველოში, ამას მოწმობს, აქ ამ პერიოდში ტაძრის აგება და საეპისკოპოსო კათედრის დაარსება. აი, რას გვეუბნება ურბნისის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი: "მტკვრის კიდესა ზედა, არს ურბნისი. აღაშენა ქალაქი უფროს ძემან ქართლოსისამან, და იყო ქალაქი ყრუსადმდე, ხოლო აწ არს ეკლესია დიდი, უგუმბათო, ზის ეპისკოპოზი, მწყემსი დიდის ლიახვისა, და რომელი ირწყის ლიახვთა მით. შემუსვრილი აღაშენა და განაახლა ჯ. დ. მეფემან ვახტანგ და შეამკო ხატი მისი წმიდის სტეფანე პირველმოწამისა მოზღუდა ქვიტკირითა" VI საუკუნის დასაწყისში ქართლის სამეფოში 33 საეპისკოპოსო ჩანს ურბნისის ჩათვლით. VI საუკუნის ბოლოს ურბნისის ეპარქიას მართავდა გაქრისტიანებული არაბი ამირა, რომელსაც მამაპაპეული სარწმუნოების დაგმობის შემდეგ ნეოფიტე ეწოდა.

ურბნისთან ერთად საეკლესიო ცხოვრებაში არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რუისიც: თვით სახელწოდება რუისი წარმოდგება სიტყვა "რუ"-დან. ვარაუდობენ, რომ იგი ანტიკური ხანის ქ. ურბნისის ერთ-ერთი სამიწათმოქმედო რაიონი იყო. ამდენად ურბნისიცა და რუისიც ადრეული ხანიდანვე თითქმის ერთ მთლიანობად მოიაზრებოდა და ამიტომაც ერთმანეთისგან გამიჯნული ურბნისისა და ცალკე რუისის საეპისკოპოსო კათედრის გამთლიანება და ერთ ეპარქიად ჩამოყალიბება ხდება მოგვიანებით.

რუისი მუდამ იყო მეფისა და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის დასაყრდენი. აქ უძველესი დროიდან არსებობდა საეპისკოპოსო კათედრა, სადაც ღირსეული მამები მოღვაწეობდნენ, რომლებიც მტკიცედ იცავდნენ მართლმადიდებლობას. ამის დასტურად ისიც კმარა, რომ არჩილის მეფობის დროს (410-434 წწ), როცა საქართველოს მთავარეპისკოპოსი მობიდანი გახლდათ, რომელიც ჭეშმარიტ სარწმუნოებაში ნერგავდა არიოზის მწვალებლობას, ამასთან დაკავშირებით არჩილ მეფემ მოიწვია მღვდელმთავრები, სადაც დაიგმო მობიდანის მოღვაწეობა, როგორც ვიცით სწორედ ამ კრებას სხვა იერარქებთან ერთად რუისის ეპისკოპოსიც ესწრებოდა. შემდეგ კვლავ გვხვდება რუისის ეპისკოპოსი, ანუ მროველი "ეპისტოლეთა წიგნში", როგორც "მარუელი", 506 წლის დვინის საეკლესიო კრების მონაწილე ქართველ ეპისკოპოსთა შორის, რომელიც მეათე ადგილზეა დასახელებული. ეს იმის დასტურია, რომ რუისში უძველესი დროიდან იყო საეპისკოპოსო კათედრა, საეკლესიო ცხოვრება. საეპისკოპოსოს ეკუთვნოდა რაიონის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე შიდა ქართლის სოფლები ლიხტაშისკრამდე. აწყურის ეპარქიის გაუქმების შემდეგ (XVIIს.) კი, მროველის სამწყსო გაფართოვდა და საკმაო ტერიტორიას მოიცავდა, ამ ამბის შესახებ ასე იუწყება ვახუშტი ბატონიშვილი: "არს რუისის მთის ძირს დაბა დიდი რუისი და ეკლესია ღვთაებისა, დიდი დიდშენი, ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამ რუისის ზეითის ქართლისა და ლიხ-ტაშისკრამდე და აწ ასევე მწყსის ხეობასა და სადგერს, ვინაიდან მაწყვერელი არღა რა არს".

ურბნისისა და რუისის ეპარქია, რომ საეკლესიო ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა, ამისი ნათელი დასტური გახლავთ აქ, ურბნისისა და რუისის სანახებში 1002-1003 წლებში წმ. მეფე დავით აღმაშენებლის თაოსნობით "დიდთა წყლულებათა კურნებად" მოწვეული რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რის შედეგადაც იწყება ახალი ეტაპი ერის სულიერ ცხოვრებაში. კერძოდ, ეკლესია განიწმინდა უგვანო მწყემსთაგან, წესისამებრ განიმართა საიდუმლოთა აღსრულება, დაძლეულ იქნა აგრეთვე სხვა დამაბრკოლებელი ნაკლოვანებები, რამაც ერი ზნეობრივად აღამაღლა და ფაქტობრივად მყარი საფუძველი შეუმზადა ერთიანი, მძლავრი, ქართული მართლმადიდებლური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.

რუის-ურბნისის სანახებში გამართული "წმიდა" და "ღვთივშეკრებული" თავყრილობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სპეტაკ სხეულზე აღმოცენებული წყლულებისაგან განთავისუფლების გზაზე წარმოადგენდა დიდ, ენერგიულ და მტკიცე ნაბიჯს, რომელიც ქრისტეს რწმენაში განმტკიცებულ ქართველ ხალხს წინ დიდგორის "ბრძოლაი საკვირველს" უმზადებდა.

გადის რამდენიმე საუკუნე და ეს ისტორიული ეპარქია კვლავ მძლავრად განაგრძობს არსებობას. XVIII საუკუნეში ურბნისის მღველმთავარი კვლავ დიდ სამწყოს განაგებდა, ის ადრეც საკმაოდ პატივით სარგებლობდა, ხოლო XVIII საუკუნის შუა წლებში ურბნისში იჯდა ეპისკოპოსი - "მწყემსი" დიდის ლიახვისა და რომელი ირწყვის ლიახვთა მათ".

XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ეპარქია კვლავ იღებდა დახმარება-შეწირულობას. "ქართული სამართლის ძეგლებიდან" ვიგებთ, რომ კათალიკოს-პატრიარქს ბატონიშვილ დომენტის, მიწები მიუცია ურბნისისათვის: "არამედ უმწყსოდ ხეობა მისცა ურბნელ ეპისკოპოსსა სამწყსოს სიმცირისთვის კათოლიკოს პატრიარქმა ბატონიშვილმან დომენტიმ ოდეს მოაწია კონსტანტინეპოლიდამ ქართლს ქრისტეს აქეთ 1741".

ამის შემდეგ ურბნისისა და რუისის ეპარქიის შესახებ განსაკუთრებული ისტორიული მასალები აღარ მოგვეპოვება. მოგვიანებით, 1881 წელს ხდება ეპარქიის გაუქმებაც. ხოლო საქართველოს ეკლესიისთვის ავტოკეფალიის დაბრუნების მიუხედავად, მხოლოდ 1996 წელს გახდა შესაძლებელი  ორი უძველესი სამღვდელმთავრო კათედრის აღდგენა. 1996 წლის ოქტომბრიდან ურბნისისა და რუისის მმართველი მღვდელმთავარი გახლავთ მიტროპოლიტი იობი (აქიაშვიკი).

ერში ქრისტიანობის გავრცელებისთანავე დაიწყო ურბნისისა და რუისის ეპარქიაში ტაძარ-მონასტრების მშენებლობა და სულიერი ცხოვრების აღორძინება, რაც მთელი საუკუნის მანძილზე გრძელდებოდა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღესაც არანაკლები შემართებითა და რუდუნებით გრძელდება ეს პროცესი ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარისა (მიტროპოლიტი იობი) და მისი სამწყსოს მიერ. ჯერ კიდევ VI საუკუნეში მოღვაწეობდა აქ მწ. მიქაელი ულუმბოში, წმ. პიროსი - ბრეთში, ხოლო წმ. თადეოზ სტეფანწმინდელმა საფუძველი ჩაუყარა ურბნისის საკათერო ტაძარს. შუა საუკუნეების ყინწვისის დიდებული მონასტერი, ურბნისი, რუისი, წრომი, იტრია თუ სხვა, აგრეთვე მიუვალ კლდეებში მრავლად ნაკვეთი გამოქვაბულები ცხადყოფენ, რომ ეპაქიაში ერთ დროს ბერ-მონაზვნური ცხოვრება ჰყვაოდა, აღარაფერს ვამბობთ იმ დიდ ამაგზე, რაც ქართულ ეკლესიას დაადგა წმ. მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელმა და ცნობილმა მემატიანემ "ქართლის ცხოვრების" თანაავტორმა მღვდელმთავარმა ლეონტი მროველმა. ეპარქიის ტერიტორიაზე ოდითგანვე მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა არსებობდა, რისი ცხადი დასტურიც გახლავთ ორივე საკათედრო ტაძრისა და აგრეთვე სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებში უმდიდრესი წიგნთსაცავების არსებობა, რის შესახებაც ცნობებს ისტორიული წყაროებითა და საბუთებით ვიგებთ.

გაგრძელება>>

ურბნისისა და რუისის ეპარქია
info@urbnis-ruisi.ge