![]() |
|||
![]() |
![]() |
||
|
მიტროპოლიტ იობის ქადაგებები სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! ჩვენთან არს ღმერთი ! ჩვენ ვხედავთ, რომ მაცხოვრის ყველა სასწაული ძალზე დიდია და რთულად აღსაქმელი ჩვენი ცნობიერებისათვის. სამყარო სავსეა საიდუმლოებებით და ამ საიდუმლოებებს უფალი უცხადებს თავის რჩეულთ. სახარების წაკითხვისას, როდესაც იესო ქრისტეს ფერისცვალების შესახებ ვისმენთ, თითქოს ძალზედ მარტივად და ცხადად არის აღწერილი უფლის ფერისცვალება, მაგრამ მისი დიდებულების ბოლომდე შეცნობა მიუწვდომელია ადამიანისათვის. როგორც ღვთისმეტყველნი ბრძანებენ ტროპარში, უფალმა გამოგვიბრწყინვა ნათელი მიუაჩრდილებელ, ე.ი. ეს არის არა ხილული, მზისმიერი, არამედ ღვთაებრივი ნათელი, რომელსაც არა აქვს დასაწყისი და დასასრული. წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ იესო ქრისტემ თავის ღვთაებრიობა მოციქულებს იმ ზომით დაანახა, რისი დატევაც მათ ადამიანურ ბუნებას ძალუძდა. მაცხოვარი ყოველთვის ატარებდა ამ ღვთაებრივ ნათელს, მაგრამ საჭირო იყო მისი გამობრწყინება მომხდარიყო მთაზე, ლოცვის დროს, უფლის ყველაზე საყვარელი მოწაფეების: იოანეს, იაკობის და პეტრეს წინაშე. თქვენ იცით, რომ პეტრე მოციქული გახლდათ თავი მოციქულთა, ხოლო იოანე და იაკობი - ძენი ქუხილისანი, რომელთაგან ერთ-ერთს - იოანეს, უფალმა აჩვენა ქვეყნიერების დასასრული. უფლის ფერისცვალებასთან დაკავშირებით ლუკა მახარებელი წერს: ,,და იყო შემდგომად სიტყუათა მათ ვითარ რვა ოდენ დღე, და წარიყვანა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღვიდა მთასა ლოცვად. და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვაი პირისა მისისაი სხუა და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე“ (ლკ. 9,28-29).. მათე მახარებელი კი ამბობს: ,,შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაი მისი, და აღიყვანა იგინი მთასა მაღალსა თვისაგან“ (მთ. 17, 1). ამ ექვსსა და რვაში დიდი ღვთაებრივი საიდუმლოება არის დაფარული. საიდუმლოებას, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, სული ღვთისა განგვიცხადებს და სწორედ სულმა ღვთისამ განუცხადა მოწაფეებს, რომ იესო ქრისტე იყო როგორც ძე კაცისა, ასევე ძე ღვთისა. რას ნიშნავს ფერისცვალება? წმ. მამათა განმარტებით, სწორედ ასეთი დიდებით გამობრწყინდება იესო ქრისტე მეორედ მოსვლის დროს. ღვთაებრივი ნათელი ის ნათელია, რომელიც ყოველივე ნათელს აღემატება. იოანე ღვთისმეტყველი თავის გამოცხადებაში ამბობს, რომ დადგება მეორედ მოსვლის ჟამი, როდესაც მართალნი, ღვთის მოსავი, თავმდაბალი ადამიანები, ვითარცა მზე, ისე გაბრწყინდებიან და გახდებიან მკვიდრნი ახალი იერუსალიმისა, რომელიც არა მზითა და მთვარით, არამედ ღვთაებრივი ნათელით იქნება განათებული: ,,ქალაქსა მას არა უხმს მზე, ანუ მთოვარე მნათობად, რამეთუ დიდებამან ღვთისამან განანათლა იგი და სანთელი მისა არს კრავი იგი“ (გამოცხ. 21,23). კრავში იგულისხმება იესო ქრისტე, მისი ნათელია სასუფეველში და უფლის ამ ნათლის გამობრწყინებამ - ფერისცვალებამ ჩვენ ბევრი რამ გვასწავლა. თქვენთვის ცნობილია, რომ მოსე წინასწარმეტყველმაც იცვალა ფერი, როდესაც სინას მთაზე ათი მცნება მიიღო უფლისგან; მაგრამ ეს არ იყო მაცხოვრის ფერისცვალების მსგავსი. მოსეს ფერი ეცვალა ღვთის მადლით, ხოლო იესო ქრისტემ თვითონ იცვალა ფერი, ამიტომ ვამბობთ სიტყვა ფერისცვალებას, რაც ნიშნავს, რომ ,,გაბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი“ (მთ. 17,2). სასუფევლის ნათება და მადლი, რომელსაც იესო ქრისტე ატარებდა და რომელმაც ფერი უცვალა მას, იმდენად ნეტარი იყო, რომ პეტრე მოციქულს სიხარულისგან შემდეგი სიტყვები აღმოხდა: ,,უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაი. და თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა, ერთი ელიაისა“ (მთ 17,4). როგორც სახარებაში წერია, პეტრემ არც კი იცოდა, თუ რას ამბობდა (ლკ, 33). ისეთი ნეტარი მდგომარეობა დაეუფლათ მოციქულებს, რომ ადამიანურმა თვისებამ, გრძნობამ, ათქმევინათ ეს სიტყვები. არც ის არის შემთხვევითი, რომ ქრისტეს გვერდით იდგა ორი დიდი წინასწარმეტყველი: ილია და მოსე; მოსე სულით იდგა, ილია ხორცით; ( თქვენ იცით, რომ ილია წინასწარმეტყველი არ მომკვდარა, ცოცხლად იქნა აყვანილი ზეცად). ეს იმაზე მიუთითებს, რომ მეორედ მოსვლის ჟამს დიდებით გამობრწყინდება იესო ქრისტე, როგორც ცოცხალთათვის, ასევე მიცვალებულთათვის. უფლის ამ ფერიცვალებით ის ადამიანი, რომელიც სუფთა გონებით, სიწრფოებით, თავმდაბლობით ევედრება უფალს და ლოცულობს, განსპეტაკდება, მისი სახე გაბრწყინდება; ამის მაგალითები ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს; გავიხსენოთ თუნდაც ჩვენი დიდი წინაპარი ექვთიმე ათონელი; როდესაც იგი ფერისცვალების დღესასწაულზე ერთ-ერთ მონასტერში წირავდა, რომელთა ქერუბიმთას დროს ისევე გაბრწყინდა, როგორც ფერიცვალების დროს იესო ქრისტე. იმდენად იყო ნათლით მოსილი მთელი ტაძარი, რომ იქ მყოფი ბერები და მორჩილები დაეცნენ მუხლებზე და თაყვანი სცეს უფალს. თვითონ ექვთიმე ათონელი გამობრძანდა და ხალხს უთხრა , რომ ეს იყო უფლის დიდების ნიშანი. მან თავის თავზე კი არ მიიღო ეს სასწაული, არამედ მხოლოს უფალ იესო ქრისტეს მიაწერა, რომელიც არის ნათელი ცხოვრებისა. როდესაც ჩვენ ნათელს ვიღებთ ყოვლადწმიდა სამების სახელით, ასე ვგალობთ: ,,რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს და ქრისტე შეგვიმოსიეს“. აი, ამას ნიშნავს ქრისტეს შემოსვა. ფერიცვალება დაკავშირებულია თითოეულ ადამიანთან. ყოველი ჩვენგანის სულში უნდა მოხდეს ფერიცვალება, შინაგანად უნდა ვიცვალოთ ფერი. ფერიცვალება გვასწავლის იმასაც, რომ, თუ დღეს ცოდვილნი ვართ, ხვალ უნდა განვიწმიდოთ, რამეთუ, როგორც წმიდა მამები გვმოძღვრავენ: ადამიანზე, რომელიც ამპარტავანია, ბილწი და სხვა მიწიერი საქმეებით ცხოვრობს, სულიწმიდის მადლი არ იქნება. მე მინდა მაგალითად ერთი წმინდა ბერის შესახებ მოგითხროთ, რომელსაც ისეთი თავმდაბლობა გააჩნდა, რომ ამ თავმდაბლობისა გამო შეეძლო ეშმაკის განსხმა, ანუ შეეძლო ეშმაკეულით შეპყრობილი ადამიანებისაგან ეშმაკთა განსხმა. |
|||
|
|
|||
| ურბნისისა და რუისის ეპარქია | |||