არ გეცრუვებით შენ, ჩვენი სიწმიდით მშობელო წმიდაო კათოლიკე ეკლესიაო! არც გაგცემთ შენ ჩვენო სიამაყევ - მართლმადიდებლობავ!

ამონარიდი მიტროპოლიტ იობის ქადაგებებიდან

 ჩვენს დედა ეკლესიას საკუთარ დედაზე მეტად უნდა ვუფრთხილდებოდეთ და ვიყოთ მინდობილნი მასზე, რამეთუ მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით განიდევნება სატანა და ლოცვითა და მარხვით ითრგუნება ის უხილავი ბოროტი ძალა, რომელიც ჩვენს წინააღმდეგაა მომართული.

ღვთის მადლი და წყალობაა მართალ ადამიანზე, ხოლო ვინც ცრუობს, ის ეშმაკს ემსახურება და ემორჩილება. რანაირ მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოვჩნდეთ, ყოველთვის სიმართლე უნდა ვთქვათ, რამეთუ გზანი მართლისანი უფლისა წინაშე წარმართებულ არიან.

თავმდაბალ ადამიანს ვერანაირი შეურაცხყოფა, შური და ცილისწამება ვერ დათრგუნავს, რამეთუ თავისი თავმდაბლობით მოიპოვებს იგი მადლს ღვთისას, რომელიც ძალას მისცემს დაძლიოს ბოროტისაგან წამოსული ყოველგვარი წინააღმდეგობა.   

ადრე თუ გვიან თითოეული ჩვენგანი გავა ამ ქვეყნიდან და წარდგება უფლის წინაშე. ღმერთი კი მართმსაჯულია. ამიტომ  უნდა ვეცადოთ ქრისტიანული ცხოვრებით სული განვიწმინდოთ და ისე შევხვდეთ სიკვდილს. თუ ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით არ განვლევთ წუთისოფელს, მაშინ, როგორც წმ. მამები ამბობენ, ჩვენ კი არ ვიცხოვრებთ-ვიარსებებთ.

ადამიანი, რომელიც წმინდა ქრისტიანულ ცხოვრებას ეწევა, მაგრამ ამის გამო ამპარტავნებას შეუპყრია და საკუთარი თავი სხვებზე აღმატებულად წარმოუდგენია, ღვთის წინაშე ვერ გამართლდებამიუხედავად დიდი სიწმიდისა, იგი სასჯელს მიეცემა.

ყოველმა მართმადიდებელმა ქრისტიანმა საკუთარი ცხოვრება შენდობის ძალაზე უნდა ააგოს, რამეთუ ჩვენ ცოდვილნი ვართ უპირველესად ღვთისა, შემდეგ კი ადამიანთა წინაშე და, თუ არ შეგვეძლება ვაპატიოთ შეცოდებანი სხვებს, უფლისაგანაც არ მოგვეტევება თანანადებნი ჩვენნი.

უძვირფასესი საუნჯე, რაც ქართველებს ღვთისგან გვებოძა, ეს არის ჭეშმარიტი მართმადიდებული სარწმუნოება, რომლის გარეშეც შეუძლებელია ცხოვნება. ვმადლობდეთ უფალს ამისთვის და გავუფრთხილდეთ დედა ეკლესიას. მან ხომ ემბაზში სულიერად გვშობა  და ღმერთს მიგვაახლა.

ყოვლადწმინდა სამება,  მამა, ძე და სული წმიდა არის წყარო ჭეშმარიტი სიყვარულისა და სიკეთისა. მაგრამთუ ღმერთს დავცილდებით, ღვთის მცნებებს არ დავიცავთ, ვერ ვეზიარებით  წმინდა სამების იმ მადლს რითაც უნდა განვიკურნოთ და სული ვიცხოვნოთ.

ჭეშმარიტი ქრისტიანი უფლის მეორედ მოსვლას კი არ უნდა ელოდებოდეს, არამედ თითოეულ დღეს თავისი სიცოცხლის უკანასკნელ დღედ უნდა მიიჩნევდეს და შესაბამისად წარმართავდეს საკუთარ ქცევას, რადგან ჩვენ არ ვიცით, საღამოს დაძინებულნი გავიღვიძებთ თუ არა დილით.

ყოველი ჩვენგანის სულს ამძიმებს დავიწყებული ცოდვები, ამიტომ, გარდა აღსარებისა, უნდა ვისწავლოთ კეთილ საქმეთა კეთება, რათა წარვხოცოთ ეს დავიწყებული ცოდვები და განვიახლოთ სულიერი მდგომარეობა.

მუდამ თან უნდა გვდევდეს განცდა იმისა, რომ ვართ მართლმადიდებელნი; მოვალენი ვართ ყოველთვის ვამბობდეთ მართალ სიტყვას, ვამბობდეთ არა მოყვასის საზიანოდ, არამედ მის გამოსასწორებლად, სულიერების გზაზე მოსაქცევად.

ადამიანის სული მუდამ უნდა ისწრაფვოდეს ღმერთისკენ, რადგან იგი ყოველთვის საჭიროებს უფალთან ურთიერთობას და მხოლოდ ღმერთში პოულობს სიმშვიდეს, სიხარულს და ბედნიერებას.

ცათა სასუფეველი ამ ქვეყნიდანვე იწყება. თუ ადამიანი ლოცულობს, მარხულობს, ღვთის სათნოდ ცხოვრობს-ის ნეტარ მდგომარეობაშია.

ქართული ენა ღვთისგან დალოცვილი და კურთხეულია. იგი შემკობილია უფლისაგან და სათნო არის ღვთისმშობლისათვის. ქართულ ენასა შინა ყოველი საიდუმლოი დაცული, შენახულია. ანუ ღვთიური საიდუმლონი, რომელთა აღსრულება ეკლესიის მოღვაწეობის მთავარი საფუძველი და შინაარსია, ქართულ ენაზე, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში აღესრულება. ამიტომ საყოველთაო განკითხვაც უფლის მეორედ მოსვლის ჟამს ქართულ ენაზე მოხდება.

gagrZeleba>>

ურბნისისა და რუისის ეპარქია