არ გეცრუვებით შენ, ჩვენი სიწმიდით მშობელო წმიდაო კათოლიკე ეკლესიაო! არც გაგცემთ შენ ჩვენო სიამაყევ - მართლმადიდებლობავ!

სურამის წმ. ამაღლების სახელობის დედათა მონასტერი

ამაღლების სახელობის დედათა მონასტერი მდებარეობს დაბა სურამში, შემაღლებული მთის წვერზე.მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით 1999 წლის სექტემბერში იკურთხა ტაძარი,მონარსტერი და წინამძღვრად დადგინდა მონოზონი ზოია (ალბოროვა).ამ ადგილს ხალხური გადმოცემით კვართისა ეწოდება. ამბობენ ელიოზ მცხეთელმა, მაცხოვრის კვართს რომ მოაბრძანებდა, აქ შეისვენაო. ამაღლება დღეს უამრავი ხალხი მოედინება მონასტრის მოსალოცად -თავიანთი ტკივილებით დატვირთული და შეწევნის იმედად მლოცველნი თუ სათხოვარის შესმენით გამოწვეული მადლიერებით გულსავსე მრევლი ...

არსებული ბაზილიკის ტიპის ტაძარი თარიღდება გვიანი ფეოდალური ხანით, მაგრამ ტაძრის გარშემო მიმდინარე გათხრებმა ( ტაძარი მეტრანახევრით დაფარული იყო მიწით და შემოეჭრა ეს მიწის საფარი ) ცხადყო, რომ ერთ დროს , ეკლესია სამნავიანი ყოფილა და უფრო ადრეულ ხანებშია აშენებული.ტაძარს კვართისას წმიდა გიორგითაც იხსენიებს მოსახლეობა. ვარაუდობენ,რომ სწორედ აღმოჩენილი ნატაძრალია ხალხში გავრცელებული “კვართისას წმ.გიორგი’’.გათხრებისას ასევე აღმოჩნდა სამრეკლოს ნანგრევები და წინა საუკუნის და კიდევ უფრო ძველი თიხის ჭურჭელი,რომელთა ნაწილიც ინახება ხაშურის მუზეუმში.

დღეს-დღეობით მონასტერი მშენებარეა. უკვე 8 წელია მას წინამძღვრობს დედა თამარი.კეთილი ხალხის დახმარებით აშენდა საცხოვრებელი კელიები. მოყვანილია წყალი,შემოვლებულია ნაწილობრივ გალავანიც. თავად მონასტერი აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთით გარშემორტყმულია მინდვრებით, ჩრდილოეთით კი ნაძვნარით, სადაც აშენებულია მღვდელმთავრისთვის მოსასვენებელი სახლი.

მონასტერში ამჟამად 4 წევრია (წინამძღვარი-მონოზონი თამარი (ფიჩხაია), მონოზონი ივლიტა(მურავიოვა),მორჩილი მარიამი(თორღვაშვილი) და სამორჩილე თამარი (შუბითიძე).ისინი ცხოვრობენ დადგენილი მონასტრული ტიპიკონის მოხედვით. ლოცულობენ, ხელსაქმობენ (ასხამენ სანთელს, აცხობენ სეფისკვერს წირვისთვის,რომელსაც ხუთშაბათობით ატარებს დეკანოზი ზურაბი), ქარგავენ და თავიანთი შრომით და ღვთის წყალობით ირჩენენ თავს. ასევე ასწავლიან მრევლს გალობას და ტიპიკონს.

მონასტერს აქვს მეურნეობისთვის განკუთვნილი თითქმის 1 ჰექტრამდე მიწა, სამომავლოდ აპირებენ მეურნეობის აწყობას, ყვავილების სათბურის მოწყობას. უნდათ პირვანდელი სახე დაუბრუნონ ტაძარს, ააგონ სამრეკლო, დაასრულონ გალავანი და დაამატონ საცხოვრებელი სენაკები, კეთილმოაწყონ ეზო და ტყის ტერიტორიაზე (ერთი ჰექტარი), რომელიც საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის დადებული მემორანდუმის თანახმად გადაეცა მონასტერს ოცი წლის ვადით სარგებლობის უფლებით ,მოაწყონ ზრუნვამოკლებულ დედათა და ბავშვთა დასასვენებელი კომპლექსი-მცირე ზომის - პანსიონი, რათა ნუგეშისცენ და დაეხმარონ სულიერად და რამდენადაც შეძლებენ მატერიალურად ამ ადამიანებს.

მონასტრის წინამძღვარი - მონოზონი თამარი (ფიჩხაია)

დაიბადა 1974 წლის 28 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში.

საშუალო განათლება მიიღო რუსთავის №18 საშუალო სკოლაში, 1991 წელს ჩაირიცხა თბილის სახ.უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სპარსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. მეორადი სპეციალობა ქართული ენა და ლიტერატურა. საშუალო დონეზე ფლობს ინგლისურ და სპარსულ ენებს. თავისუფლად საუბრობს და თარგმნის რუსულ ენაზე.

  • 1995 წ. იყო რუსთავის მთავარანგელოზ მიქაელის ტაძრის აქტიური მრევლი.
  • 2000წ. მოძღვრის (დეკენოზი დიმიტრი გორგიძე) თეოდორა და დაინიშნა სურამის ამაღლების დედათა მონასტრის წინამძღვრად.
  • 2004 წლის 24 დეკემბერს აღიკვეცა მონოზვნად და ეწოდა სახელი თამარი.
  • 2011 წლის 27 იანვარს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
<<უკან  
ურბნისისა და რუისის ეპარქია