არ გეცრუვებით შენ, ჩვენი სიწმიდით მშობელო წმიდაო კათოლიკე ეკლესიაო! არც გაგცემთ შენ ჩვენო სიამაყევ - მართლმადიდებლობავ!

 

"სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან
განგათავისუფლნეს თქუენ" (ინ.8.32)

 

 

ადამიანი ღვთისაგან შექმნილი არსებაა და, ბუნებრივია, სულით ისწრაფვის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნებისაკენ. თუმცა ზოგ ადამიანში, ისევ და ისევ საკუთარ ცოდვათა გამო, ლტოლვა უზენაესისადმი, სურვილი უფალთან მიახლებისა, ქვეცნობიერის ფარგლებს ვერ სცილდება და მისი ცნობიერება მხოლოდ და მხოლოდ მიწიერით ამოიწურება, იგი ვერ იხედება ამქვეყნიურ სიკეთეთა მიღმა. არსებობენ ისეთნიც, რომელთა ცხოვრება მარტოოდენ ძიებაა ჭეშმარიტებისა, რამეთუ მათ ცოდვით დაბნელებულ გონებას არ ძალუძს ერთმანეთისგან განარჩიოს ჭეშმარიტი და მცდარი. ამის უნარს ხომ სულისწმინდის მადლი გვანიჭებს, რომელიც მხოლოდ თავმდაბალ ადამიანში დაივანებს და წარუძღვება უფლისაკენ მიმავალ გზაზე. ხოლო თუ ადამიანი ღვთის შეწევნით, ამპარტავნების დაძლევით, არ შეეცდება მოიპოვოს მადლი სულისა წმინდისა და საკუთარ ადამიანურ "შესაძლებლობებს მინდობილი დაიწყებს ჭეშმარიტების ძიებას, ვერ ჰპოვებს მას. გავიხსენოთ უფლის მოციქულნი, ისინი ხომ თავიანთი თავმდაბლობითა და ერთგულებით გამოარჩია მაცხოვარმა.

ადრე თუ გვიან თითოეული ჩვენგანი გავა ამ ქვეყნიდან და წარდგება უფლის წინაშე, ღმერთი კი მართმსაჯულია. ამიტომ უნდა ვეცადოთ ქრისტიანული ცხოვრებით სული განვიწმინდოთ და ისე შევხვდეთ საკუთარ აღსასრულს. თუ ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით არ განვლევთ წუთისოფელს, მაშინ, როგორც წმიდა მამები ამბობენ, ჩვენ კი არ ვიცხოვრებთ-ვიარსებებთ.

 

ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობი

 

 
ურბნისისა და რუისის ეპარქია
info@urbnis-ruisi.ge